ზოგადი პირობები

სტანდარტული პირობები

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ზოგადი პირობები

(დანართი N1)

1. ტერმინთა განმარტება

თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენების შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1. დეშბორდი - კომპანიის სისტემა, რომელზე წვდომასაც იგი ანიჭებს მერჩანტს. დეშბორდის საშუალებით მერჩანტი იღებს შეკვეთას კომპანიისგან, ხედავს/ცვლის შეკვეთის სტატუსს, აწვდის ინფორმაციას კომპანიას შეკვეთის თაობაზე და სხვ.

1.2. დღე - კალენდარული დღე;

1.3. ინტეგრაცია - კომპანიისა და მერჩანტის ქსელების სისტემური დაკავშირება, რომლის საფუძველზეც მერჩანტის სისტემიდან პლატფორმაზე ავტომატურად მოხდება მერჩანტის მიერ თავის სისტემაში (თავის პლატფორმაზე) შეყვანილი პროდუქციის ასახვა;

1.4. კანონისმიერი გარანტია - აქვს საქართველოს კანონით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მნიშვნელობა;

1.5. კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;

1.6. კომერციული გარანტია - მერჩანტის მიერ მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებები, რომლებიც შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს;

1.7. კომპანია/მაი მაიკა - შპს „მაი მაიკა“ (ს/ნ 405475463, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის 34);

1.8. კონფიდენციალური ინფორმაცია - აქვს ხელშეკრულების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

1.9. მერჩანტი - ხელშეკრულების მხარე(ები) გარდა მაი მაიკასი;

1.10. მომხმარებელი - ფიზიკური ან იურდიული პირი, რომელიც სტუმრობს ან რეგისტრირებულია პლატფორმაზე.

1.11. მხარე / მხარეები - კომპანია ან მერჩანტი, როგორც ამას კონტექსტი მოითხოვს.

1.12. პლატფორმა - ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა t-shirt.ge. ვებ-გვერდი www.t-shirt.ge და აპლიკაცია T-Shirt;

1.13. პროდუქციის დანართი - მერჩანტის მიერ კომპანიისთვის ელექტრონულად გადაცემული დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია პლატფორმაზე განსათავსებელი პროდუქციის ჩამონათვალი, პროდუქციის კოდი, ასაღები ფასი, სარეალიზაციო ფასი  და სხვა დეტალები. პროდუქციის დანართის გაცვლა მხარეებს შორის ხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს არ აქვთ ინტეგრაცია. იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმაზე განსათავსებელი პროდუქციის ჩამონათვალი მუდმივად ახლდება, პროდუქციის დანართი არ არის მყარი დოკუმენტი და იგი შეიძლება შეიცვალოს ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის დანართი ცვლილება/განახლება ხდება ელექტრონული საკომუნიკაციო არხის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკონტაქტო პირების მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. პროდუქციის დანართი განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი გამოგზავნილია მერჩანტის საკონტაქტო პირის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტრონული ფოსტიდან კომპანიის საკონტაქტო პირის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ელექტრონულ ფოსტაზე და იგი დადასტურებულია ამავე არხიდან კომპანიის საკონტაქტო პირის მიერ.  პროდუქციის დანართის განახლების შემდეგ მხარეები იხელმძღვანელებენ განახლებული ვერსიით.

1.14. სამუშაო საათი - 10:00 – 19:00 საათამდე პერიოდი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დასვენების დღეებისა;

1.15. წესები და პირობები - პლატფორმის წესები და პირობები: 
https://t-shirt.ge/pages/terms-and-conditions 

1.16. ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, შეთანხმება, დანართები და სამომავლოდ გაფორმებული შეთანხმებები/დანართები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან.

2. ძირითადი პირობები

2.1. კომპანია განათავსებს მერჩანტის პროდუქციას პლატფორმაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე პროდუქციის შეკვეთის შემთხვევაში კომპანია შეისყიდის მერჩანტისგან პროდუქციას და განახორციელებს მის მიწოდებას მომხმარებლისთვის მაი მაიკას წესებისა და პირობების შესაბამისად.

2.2. კომპანიის მიერ მერჩანტისგან პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:

2.2.1. მერჩანტმა კომპანიისგან დეშბორდის საშუალებით შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) სამუშაო საათის ვადაში უნდა დაარეზერვოს პროდუქცია და მიანიჭოს პროდუქციას შემდეგი სტატუსი - „დარეზერვებული.“ აღნიშნული სტატუსის მინიჭებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო საათის ვადაში მერჩანტმა უნდა გაამზადოს პროდუქცია წასაღებად (მათ შორის, უზრუნველყოს პროდუქციის შეფუთვა, როცა ეს საჭიროა უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის) და მიანიჭოს მას შემდეგი სტატუსი: - „მზად არის წასაღებად.“ იმ შემთხვევაში თუ მერჩანტი არ იყენებს დეშბორდს, იგი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების დაცვით აცნობოს კომპანიის პროდუქციის დარეზერვებისა და წასაღებად გამზადების თაობაზე წერილობით, შეთანხმებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით.

2.2.2. მერჩანტი ვალდებულია წასაღებად გამზადებულ პროდუქციაზე განათავსოს შემდეგი იდენტიფიკატორებიდან ორი ცალი მაინც: (1) პროდუქციის დასახელება (2) პროდუქციის შტრიხკოდი (3) პროდუქციის არტიკული ნომერი იდენტიფიკატორი უნდა იყოს ზუსტი/სწორი და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი.

2.2.3. მას შემდეგ რაც პროდუქციას მიენიჭება სტატუსი „მზად არის წასაღებად,“ კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქციის წამოღება მერჩანტისგან. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას პროდუქციის წამოღებაზე თუ დარღვეულია ხელშეკრულების პირობები.

2.2.4. მერჩანტმა პროდუქციის მიწოდებისთანავე უნდა ატვირთოს ზედნადები კომპანიის სახელზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ მერჩანტი არ ატვირთავს ან დაგვიანებით ატვირთავს ზედნადებს, რომელიც არ იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი და აღნიშნულის გამო კომპანია განიცდის ზიანს, მერჩანტი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას ზიანი, მათ შორის გადაიხადოს ნებისმიერი ჯარიმა/სახდელი.

2.2.5. მერჩანტი ვალდებულია გადასცეს კომპანიას ზუსტად ის პროდუქცია, რომლიც მოითხოვა კომპანიამ. იმ შემთხვევაში თუ მერჩანტის მიერ კომპანიისთვის მიწოდებულ  პროდუქციასა და ზედნადებში მითითებულ ინფორმაციას შორის არის ცდომილება (რაც შეიძლება იყოს: პროდუქციის გასაყიდი ფასი, რაოდენობა, მოდელი, შტრიხკოდი ან/და არტიკული/ზედნადების კოდი), მერჩანტი ვალდებულია დააკორექტიროს ზედნადები გონივრულ ვადაში.

2.2.6. მხარეები თანხმდებიან, რომ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა მერჩანტის მიერ კომპანიისთვის გადაცემული იქნას და კომპანიის მიერ წამოღებული იქნას ისეთი პროდუქცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული შეკვეთაში. ასეთ შემთხვევაში კომპანია დაისაწყობებს ზედმეტად/არასწორად მიღებულ პროდუქციას და აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მერჩანტს. მერჩანტი ვალდებულია ასეთი შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დაიბრუნოს ზედმეტი/არასწორად გადაცემული პროდუქცია. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მერჩანტი საკუთარი ხარჯით. მხარეები შესაძლოა დამატებით შეთანხმდნენ აღნიშნული პროდუქციის პლატფორმის საშუალებით რეალიზაციაზე.

2.3. მერჩანტი ვალდებულია მხარეთა შეთანხმებული მეთოდით განაახლოს კომპანიისთვის მარაგების ოდენობა, რაც გულისხმობს კომპანიისთვის მარაგების თაობაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.  ამასთანავე, მერჩანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას მარაგების ამოწურვის ან/და შესაძლო ამოწურვის თაობაზე.

2.4. ყოველგვარი ბუნდოვანების თავიდან არიდების მიზნით, მხარეები თანხმდებიან რომ კომპანია არ არის ვალდებული შეისყიდოს მერჩანტისგან პროდუქცია ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი უკვეთავს მერჩანტის პროდუქციას. კომპანია უფლებამოსილია  წესები და პირობების შესაბამისად გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა ან სხვა ობიექტური მიზეზით უარი თქვას პროდუქციის შესყიდვაზე მერჩანტისგან.

2.5. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ განუხრელად დაიცავენ კანონმდებლობას, მათ შორის და არამხოლოდ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. მერჩანტი აცნობიერებს რომ დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს კანონის  მოთხოვნები და იგი აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს კომპანიასთან და ხელი შეუწყოს მას მომხმარებელთან ურთიერთობაში.

3.  პროდუქცია და ინფორმაციის განთავსება პლატფორმაზე

3.1. პლატფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

3.1.1. პროდუქცია უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. მას არ უნდა ჰქონდეს დეფექტები, დაზიანებები, ნაკლი და სხვა.

3.1.2. პროდუქცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს მის ოფიციალურ მახასიათებლებს (პროდუქციის ქარხნული დოკუმენტაცია, ინსტრუქცია და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სურათს.

3.1.3. პროდუქცია უნდა იყოს ვარგისი, მისი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს ამოწურული. 

3.1.4. პროდუქცია არ უნდა იყოს ფალსიფიცირებული, პროდუქციის სერიული, მოდელის ან საიდენტიფიკაციო ნომრები, ეტიკეტები და/ან სხვა სავაჭრო მახასიათებელი სიმბოლოები ან საქონლის რაიმე თვისებები უნდა იყოს ნამდვილი და არ არღვევდეს რომელიმე პატენტს, დიზაინს, სასარგებლო მოდელს, საავტორო უფლებებს, სასაქონლო ნიშანს ან ნებისმიერი მესამე პირის უფლებას;

3.1.5. პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, მისი რეალიზაციით არ უნდა ირღვეოდეს საკანონმდებლო ან/და მარეგულირებელი მოთხოვნები.

3.2. მერჩანტი აწვდის კომპანიას პროდუქციის შესახებ პლატფორმაზე გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე: პროდუქციის ზუსტი აღწერილობა/მახასიათებლები, ოფიციალური დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში, იგულისხმება პროდუქციის პასპორტი ან/და სხვა ქარხნული დოკუმენტაცია), შესაბამისი ხარისხის ფოტო-სურათები, მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია. პროდუქციის აღწერისა და ფოტო-სურათების მიწოდების დროს მერჩანტი ვალდებულია დაიცვას შემდეგი პრინციპები: პროდუქციის აღწერა უნდა იყოს დეტალური, ამომწურავი, სწორი და მომხმარებლის მოზიდვაზე ორიენტირებული. ამასთანავე, პროდუქციის ფოტო-სურათები ხელს უნდა უწყობდეს  მომხმარებლის ინფორმირებას და ასახავდეს პროდუქციის ზუსტ მახასიათებლებს.

3.3. მერჩანტი ვალდებულია გადასცეს კომპანიას მერჩანტის ლოგოს, ფრაზის ან სხვა სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება, იმ მიზნით რომ მომხმარებლისთვის იდენტიფიცირებადი იყოს მერჩანტი. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, კომპანიის მიერ მერჩანტის სასაქონლო ნიშნებისა და მაიდენტიფიცრებელი ნიშნების, სიმბოლოებისა თუ ფრაზების გამოყენება არ ჩაითვლება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევად.

3.4. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი დისკრეციის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში დროებით დაფაროს მერჩანტის პროდუქცია პლატფორმაზე, იმგვარად რომ იგი აღარ იყოს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

4. პროდუქციის ფასი

4.1. პროდუქციის ფასი ცვალებადია და მისი განახლება ხორციელდება პროდუქციის დანართის განახლებით ან იმ შემთხვევაში თუ მხარეებს აქვთ ინტეგრაცია, ინტეგრაციის საშუალებით მხარეთა შეთანხმებისა და ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის ფასის განახლებამდე, მოქმედებს პროდუქციის ძველი ფასი.

4.2. მერჩანტის მიერ კომპანიისთვის შეთავაზებული პროდუქციის ფასები არ უნდა აღემატებოდეს მერჩანტის პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებად სხვა პლატფორმებზე ან/და სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასებს. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ მერჩანტს ექნება ფასდაკლება/აქცია საკუთარ ან სხვა პლატფორმაზე, იგი ვალდებულია შესთავაზოს კომპანიას ტოლფასი ფასდაკლება/აქცია.

4.3. კომპანია უფლებამოსილია შესთავაზოს მომხმარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებები/ აქციები (მათ შორის, კომპანიის პარტნიორის აქციები, დღის აქცია, პრომო კოდი და სხვ) მერჩანტის წინასწარი თანხმობის გარეშე.

5. ანგარიშსწორების პირობა

5.1. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ხელშეკრულებაში მითითებული საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით.

5.2. იმ შემთხვევაში თუ გადახდის დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევო სამუშაო დღეს.

6. პროდუქციის დაბრუნება

6.1. მხარეები აცნობიერებენ, რომ მომხმარებელს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლება აქვს დააბრუნოს პროდუქცია მისი შეძენიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გარდა კანონით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ისარგებლებს კანონით გათვალისწინებული დაბრუნების უფლებით, მერჩანტი ვალდებულია დაიბრუნოს პროდუქცია. მერჩანტისთვის ცნობილია, რომ პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის ხორციელდება შეკვეთიდან 1-5 სამუშაო დღის ვადაში და ადასტურებს, რომ მომხმარებლისთვის 14 (თოთხმეტი) დღიანი ვადა აითვლება პროდუქციის მიწოდების დღიდან.

6.2. იმ შემთხვევაში თუ მერჩანტი მიიჩნევს, რომ მომხმარებლის უფლება დააბრუნოს პროდუქცია არის უსაფუძვლო და არ შეესაბამება კანონმდებლობას, იგი ვალდებულია წარუდგინოს კომპანიას დასაბუთებული პასუხი პროდუქციის დაბრუნებაზე უარის თქმის თაობაზე.

7.გარანტია

7.1. მხარეები აცნობიერებენ, რომ მომხმარებელს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს კანონისმიერი გარანტიით. მერჩანტი იღებს ვალდებულებას გაავრცელოს პროდუქციაზე კანონისმიერი გარანტიით გათვალისწინებული პირობები და განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება აღნიშნული უფლების დასაცავად.  

7.2. იმ შემთხვევაში თუ მერჩანტის პროდუქციაზე ვრცელდება კომერციული გარანტია, მერჩანტი იღებს ვალდებულებას გადასცეს კომერციული გარანტიის პირობები კომპანიას მისი პლატფორმაზე გამოქვეყნებისა და მომხმარებლებზე გავრცელების მიზნით. ამასთანავე, მერჩანტი აცხადებს თანხმობას, რომ კომერციული გარანტია გაიცეს კომპანიის სახელით (გარდა იმ შემთხვევისა თუ კომერციული გარანტია გაცემული მწარმოებლის მიერ) და ანიჭებს კომპანიას შეთანხმებული კომერციული გარანტიის (საგარანტიო ტალონი) შევსების უფლებამოსილებას. კომერციული გარანტიის პირობები შესაბამისობაში უნდა იყოს კანონმდებლობასთან. მერჩანტი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის თავად ან მესამე პირის საშუალებით საგარანტიო მომსახურების გაწევა.  

8. კონფიდენციალურობა

8.1. ამ ხელშეკრულების განმავლობაში ნებისმიერ დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ, მერჩანტი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ეხება  ბიზნესს, საქმიანობას, კლიენტებს ან მიმწოდებლებს, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოპერაციებს, პროცესებს, გეგმებს, ინფორმაციას პროდუქტზე ნოუ-ჰაუს, დიზაინს, სავაჭრო საიდუმლოებას, საოპერაციო პროგრამებს, საბაზრო შესაძლებლობებსა და კლიენტებს.

8.2. წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, ასევე მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, წერილობითი თუ სხვა სახის კომუნიკაციის საფუძველზე გაცვლილი ინფორმაცია, მათ შორის და არამხოლოდ ინფორმაცია მომხმარებლის თაობაზე და მის მიერ განხორციელებულ შეკვეთაზე ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად და მხარეებს უფლება არ აქვთ გაუმჟღავნონ იგი ნებისმიერ მესამე პირს. გამჟღავნებად არ ითვლება მყიდველებისთვის  ან/და კომპანიის მიერ მესამე პირებისთვის მერჩანტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება მარკეტინგული მიზნებით.

8.3. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელიც: (1) საზოგადოდ ცნობილია, (2) გახდა საჯარო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გასაჯაროება მოხდა მხარის მიერ ამ მუხლის დარღვევის გამო, (3) გამჟღავნება განპირობებულია კანონით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა აქტით.

9.მონაცემთა დამუშავება და შენახვა

9.1. წინამდებარე ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის საფუძველზე, მერჩანტი ვალდებულია მისთვის გადაცემული მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ იმ ფარგლებში, იმ მიზნით და იმ ფორმით, რაც აუცილებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კონტრაჰენტი ვალდებულია დაიცვას მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა დამუშავების თანამდევი საფრთხეების ასაცილებლად მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომელიც კონტრაჰენტს საშუალებას მისცემს (ა) დაიცვას და უზრუნველყოს, პერსონალურ მონაცემთა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა; და (ბ) აღკვეთოს, მონაცემთა დამუშავების არაავტორიზებული გამოყენება, არაავტორიზებული წვდომა ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების სხვაგვარი დარღვევა.

9.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში კომპანიის მითითებით, ნებისმიერ დროს ან მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტისას (მათ შორის ვადის გასვლისას), მერჩანტმა უკან უნდა დააბრუნოს კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიღებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, მათი ასლები და წაშალოს და გაანადგუროს ისინი, თუ მათი შენახვის ვალდებულება კანონმდებლობით არ არის დადგენილი. მერჩანტმა პერსონალურ მონაცემთა განადგურებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ შეწყვიტა მონაცემთა დამუშავება და გაანადგურა პერსონალური მონაცემები.

9.3. მერჩანტი მკაფიო თანხმობას აცხადებს იმის თაობაზე, რომ კომპანია უფლებამოსილია დაამუშოს, შეინახოს და გადასცეს მერჩანტისგან მიღებული ნებისმიერი სახის მონაცემები (მათ შორის, ინფორმაცია მერჩანტის თაობაზე, პროდუქციის ჩამონათვალი და სხვ.) მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის.

10. მხარეთა განცხადებები და გარანტიები

10.1. თითოეული მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

10.1.1. ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისთვის არის და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში იქნება - ქმედუნარიანი (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით არის შექმნილი).

10.1.2. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ნებისმიერი დანართის, დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შენარჩუნებულ იქნება, ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;

10.1.3. ხელშეკრულება ან/და ხელშეკრულების ნებისმიერი დანართი იდება და სრულდება მის მიერ ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;

10.1.4. მის მიერ ხელშეკრულების დადება ან/და შესრულება არ მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ნორმებთან, საკუთარ წესდებასთან, გადაწყვეტილებებთან, სადამფუძნებლო ან/და სხვა სახის დოკუმენტებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არ იწვევს სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებით ნაკისრი/განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევას და არ წარმოშობს მესამე პირ(ებ)ისათვის ხელშეკრულებაზე შეცილების უფლებას;

10.1.5. ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისთვის, მისთვის არ არის ცნობილი რაიმე ისეთი გარემოების არსებობის შესახებ, რომელიც შეუძლებელს გახდის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას, ხოლო, ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის შემდგომ, ასეთი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ შეატყობინებს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს;

10.2. მხარე დაუყოვნებლივ შეატყობინებს მეორე მხარეს (1) ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა, (2) იმ შემთხვევაში, თუ მას დაემუქრება ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საფრთხე.

11. მხარეთა პასუხისმგებლობა

11.1. ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11.2. მხარე რომლის გაუფრთხილებელი ან ბრალეული ქმედების/უმოქმედობის შედეგად დადგა ზიანი პასუხისმგებელია აანაზღაუროს ასეთი ზიანი.

11.3. მერჩანტი პასუხისმგებელია პროდუქციისა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შესაბამისობაზე ხელშეკრულებასთან და კანონმდებლობასთან.

11.4. მხარეები თანხმდებიან, რომ თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლის ინტერესების დაცვა პრიორიტეტულია და კომპეტენციის ფარგლებში იზრუნებენ მომხმარებლის კმაყოფილებაზე. თუ კომპანია ვერ მიაწვდის მომხმარებელს შეკვეთილ პროდუქციას და აღნიშნულის მიზეზი იქნება მერჩანტის მიერ პროდუქციის მარაგების არადროული განახლება ან მარაგების შესაძლო ამოწურვის შესახებ გაფრთხილების დაგვიანება (როცა ასეთი გაფრთხილება შესაძლებელი იყო) მერჩანტი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას ზიანი სრულად.

11.5. მერჩანტი პასუხისმგებელია აუნაზღაუროს კომპანიას ზიანი, რომელიც შეიძლება მიადეს მას ამ ხელშეკრულების მე-6 ან მე-7 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შედეგად, მათ შორის სრულად ან ნაწილობრივ (შერეულია ბრალის შემთხვევაში) დაფაროს ჯარიმა ან/და ადმინისტრაციული სახდელი.

11.6. მერჩანტი არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც დადგა კომპანიის გაუფრთხილებელი ან ბრალეული ქმედების შედეგად, მათ შორის, პროდუქციის ტრანსპორტირების დროს დამდგარი ზიანი, დაგვიანებული მიწოდება და სხვ.

12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

12.1. ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა მიერ შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

12.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტამდე 2 (ორი) კვირით ადრე არც ერთი მხარე წერილობით არ განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 1 (ერთი) წლის ვადით იგივე პირობებით. ასეთი პროლონგაცია შეუზღუდავია.

12.3. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

12.3.1. მხარეთა შეთანხმებით.

12.3.2. ნებისმიერ დროს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.

12.3.3. მხარის ინიციატივით დაუყონებლივ, თუ მეორე მხარე უხეშად არღვევს ხელშეკრულებას, იმ პირობით, რომ იგი აცნობებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მეორე მხარეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე.

12.4. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს განგრძობადი ვალდებულების შესრულებისგან. მათ შორის, მერჩანტი ვალდებული არის ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად მომხმარებლის/კომპანიის წინაშე შეასრულოს გარანტიით გათვალისწინებული პირობები.

13. მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

13.1. წინამდებარე ხელშეკრულება და ნებისმიერი დავა ან მოთხოვნა (მათ შორის არასახელშეკრულებო დავა და მოთხოვნა), რომელიც წარმოიშვება ხელშეკრულებასთან ან მის საგანთან დაკავშირებით, რეგულირებულია და უნდა განიმარტოს  კანონმდებლობის შესაბამისად.

13.2. თითოეული მხარე თანხმდება, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაეცეს და საბოლოოდ გადაწყდეს საქართველოს სასამართლოების მიერ.

14. დასკვნითი დებულებები

14.1. თუ  ხელშეკრულების რომელიმე მუხლი ან მუხლის ნაწილი ბათილი, არაკანონიერი ან აღუსრულებადია, იგი უნდა შეიცვალოს მცირედით ისე, რომ აღნიშნული მუხლი გახდეს ნამდვილი, კანონიერი და აღსრულებადი. თუ მსგავსი ცვლილება შეუძლებელია, კონკრეტული მუხლი ან მუხლის ნაწილი უნდა წაიშალოს. წინამდებარე მუხლის შესაბამისად ნებისმიერი მუხლის ან მისი ნაწილის წაშლამ არ უნდა გამოიწვიოს დარჩენილი ხელშეკრულების ბათილობა ან აღუსრულებლობა.

14.2. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით და/ან დამატებით შეთანხმებული პირობებით.

14.3. ხელშეკრულების დანართებზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართის პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი.

14.4. ხელშეკრულების დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანომრილია მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის ან/და ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, დანართის ამა თუ იმ ნუმერაციით არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებელი წესით არსებობს წინა ნუმერაციით დანომრილი დანართი. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დანართები ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის არ წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს.

14.5. ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულება ან/და კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

14.6. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არცერთ მხარეს უფლება არა აქვს მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ მხარემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს მხარის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა შესაბამისი მხარე.

14.7. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში აღწერილია ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობა და მონაცემები, თითოეული მხარე უფლებამოსილია ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხელმოწერასთან ერთად, უთითებს სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს.

Sunday,Monday,Tuesday,Wednesday,Thursday,Friday,Saturday
January,February,March,April,May,June,July,August,September,October,November,December
Not enough items available. Only [max] left.
Add to WishlistBrowse WishlistRemove Wishlist
კალათა

Your cart is empty.

Return To Shop

შენიშვნაEdit Order Note
Estimate Shipping
Add A Coupon

Estimate Shipping

Add A Coupon

კუპონი გააქტიურდება შეკვეთის გვერდზე