პარიზის მოდის კვირეული გადაიდო

პარიზის მამაკაცებისა და მაღალი მოდის კვირეულები ოფიციალურად შეუერთდა გაუქმებული მოდის ღონისძიებების სიას მიმდინარე კორონა ვირუსის აფეთქების გამო. მაღალი მოდის ფედერაციამ, ფრანგული მოდის ინდუსტრიის მმართველმა ორგანომ, გამოაცხადა, რომ შოუები გადაიდება.

„COVID-19 ეპიდემიის მსოფლიოში გავრცელების პირობებში, აუცილებელია მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება მოდის სახლების, მისი თანამშრომლებისა და მთელი ინდუსტრიის მუშაკების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად,“ –  განაცხადა ფედერაციამ. ამჟამად ისინი შესაძლო ალტერნატივებზე მუშაობენ.

წესით, პარიზის მამაკაცის კვირეული 23-28 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, ხოლო მაღალი მოდის კვირეული დაგეგმილი იყო 5-9 ივლისს.

საფრანგეთი კარანტინის პირობებშია. პრემიერ მინისტრის განცხადებით კარანტინი შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. ის ამბობს, რომ ჯერ ეპიდემიის ტალღის გავრცელების დასაწყისში ვართ, რამაც აღმოსავლეთ საფრანგეთი მოიცვა, ახლა კი ჩრდილოეთ საფრანგეთსა და პარიზშიც შემოაღწია.

სხვა მოდის ღონისძიებებიც გაუქმდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო ეპიდემიის გამო, მათ შორის Met Gala და CFDA Awards.